3 ნოემბერს სოფელ ვაზისუბანში. საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში, ცენტრალურ მაგისტრალზე ორი გოგონა მოპედით მოძრაობდა, შებინდებულზე დები სასეირნოდ გამოვიდნენ. მოპედის საჭესთან სალომე მთვარელიშვილი იჯდა, გოგოს მართვა ახალი ნასწავლი ჰქონდა და სწრაფად არ მოძრაობდა, თუმცა საღამოს გასეირნება მოზარდი დებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მოპედზე მსხდომ გოგონებს სოფელ ვაზისუბნის მაგისტრალზე მსუბუქი მანქანა დაეჯახა. სალომე მთვარელიშვილი ადგილზე დაიღუპა, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო რომ სასწრაფოს დახმარების ჯგუფის მისვლამდე ახალგაზრდა გოგოს გულმა მუშაობა შეწყვიტა, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა და ხერხემალი.

დიდი სისწრაფით მიმავალ შკოდას ფირმის ავტომანქანას, რომელიც მოპედს შეეჯახა, პოლიციის თანამშრომელი მართავდა, საჭესთან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სასამართველოს გამომძიებელი იჯდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ რობერტ მანუჩარაშვილი სამსახურეობრივ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. პოლიციის თანამშრომელი რობერტ მანუჩარაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სალომეს მამა, ჩუმლაყის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ მთვარელიშვილი კი ამბობს:

„არც მომითხოვია ვინმეს დაკავება. ყველა ადამიანები ვართ, პოლიციელები ადამიანები არ არიან? მე არც ის ვიცი, ის პოლიციელი ფხიზელი იყო თუ არა, ყველას ვთხოვე, რომ ეს ამბავი ჩემთან არ მოეტანა. ჩემი სალომე დაიბადა იმისათვის, რომ გარდაცვლილიყო, არავის დასჯას არ ვითხოვ“, – აღნიშნა მამა გრიგოლმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here